"გაბოროტებული ადამიანის განცხადებას ჰგავს", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ Le Monde-სთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს.
"სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. ნაცებს რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯბოქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ როცა ოჯახის წევრების მესიჯბოქსები ერთმანეთს და ორივე ერთად "ნაცების" მესიჯბოქსს ემხთხვევა, კითხვის ნიშნები აღარ რჩება.
ზურაბიშვილმა გამოცემა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. მანამდე კი ფორმულასთან ინტერვიუში პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილი "ნამდვილი რუსი ოლიგარქია".